ადამიანი, რომელმაც უდიდეს სულიერ საზომს მიაღწია და გახდა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი წმინდანი. სერიალი მოგვითხრობს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის — წმინდა პაისი ათონელის სიცოცხლეზე.
ადამიანი, რომელმაც უდიდეს სულიერ საზომს მიაღწია და თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი წმინდანი გახდა. სერიალი მოგვითხრობს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის — წმინდა პაისი ათონელის სიცოცხლეზე.
რეჟისორი – სტამოს ცამისი
სცენარის ავტორი – იორგოს ციაკასი
რეჟისორი – სტამოს ცამისი
სცენარის ავტორი – იორგოს ციაკასი
მოქმედება იწყება 1924 წელს წმინდა პაისის მშობლიურ მხარეში, კაპადოკიაში და მიჰყვება მის ოჯახს საბერძნეთში გადასახლების დიდ და სირთულეებით სავსე გზაზე. შემდგომ ვხედავთ მის ახალგაზრდობას — როგორც გამორჩეულ, სათნოებებით შემკულ მორჩილს ათონის წმინდა მთაზე, მის მოღვაწეობას სინას უდაბნოში და საბოლოოდ — ასკეტურ ცხოვრებას კვლავ ათონის მთაზე.
1980-იან წლებიდან 1994 წელს მის გარდაცვალებამდე – წმინდა პაისიმ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი: ათასობით ადამიანი იღებდა მისგან რჩევასა და სულიერ თანადგომას და მის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2015 წელს იგი წმინდანად შერაცხა.
სერიალის “წმინდა პაისი – ფარასიდან ზეცაში” საქართველოში წარმდგენია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა და ფონდი ქართული გალობა. სატაძრო კომპლექსის წინამძღვრის, მამა თეოდორეს გიგნაძისა და განათლების კერის ხელმძღვანელის, მამა საბა თავაძის ძალისხმევით ეს პროექტი ქართულ ენაზეც იარსებებს და ქართველი მაყურებლისთვის როგორც ტელევიზიით, ასევე ჩვენი ვებგვერდის საშუალებითაც იქნება ხელმისაწვდომი.
დაბადება – კაბადოკიიდან განდევნა
1924 წლის 25 ივლისს, კაბადოკიის ფარასაში დაიბადა არსენი (წმინდა პაისი). რამდენიმე დღის შემდეგ, მოსახლეობის გაცვლის გამო, მისი ოჯახი თანასოფლელებთან ერთად ტოვებს სამშობლოს და საბერძნეთში მიემგზავრება.
წასვლამდე, მამა არსენი, მოგვიანებით წმინდა არსენი კაპადოკიელი, მას მონათლავს და თავის სახელს დაარქმევს.
არსენის მამა, პროდრომე ეზნეპიდისი, სოფლის წინამძღოლია, და ამ რთულ პერიოდში წმინდა არსენისთან ერთად ზრუნავს თანასოფლელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.
დაბრუნება
ფარასის გამოძევებული მოსახლეობა, მრავალი გაჭირვებისა და სირთულის შემდეგ, პირეოსის პორტს აღწევს. სამშობლოსგან გულთბილი მიღების მოლოდინში მყოფნი, გაოგნებულნი რჩებიან, რადგან მათ ისე ეპყრობიან, როგორც ლტოლვილებსა და მეორე ხარისხის მოქალაქეებს. კორფუზე გაგზავნამდე ისინი დროებით კერაცინის ბანაკში სახლდებიან.
წმინდა არსენის გარდაცვალება
ფარასას მოსახლეობა კორფუზე ჩადის და რამდენიმე დღეში – როგორც თვითონვე იწინასწარმეტყველა – მათი სულიერი მოძღვარი, წმინდა არსენი აღესრულება. ეს ტკივილი ყველასთვის მძიმეა, განსაკუთრებით კი სოფლის მამასახლისის, პროდრომე ეზნეპიდისისთვის. ის ახლა მარტო რჩება თავისი სულიერი მოძღვრის წინამძღოლობის გარეშე.
ობლები
წმინდა არსენის გარდაცვალების შემდეგ, კორფუს ციხესიმაგრეში ხანგრძლივი ყოფნის გამო, სოფლებს შორის დაძაბულობა იჩენს თავს. 8 თვის შემდეგ ისინი თესპროტიის პლატარიაში ჩადიან. დაძაბულობა პიკს აღწევს, როდესაც ისინი იძულებულნი ხდებიან მთელი ზამთარი სავალალო პირობებში, ქოხებსა და კარვებში იცხოვრონ. ბევრი მათგანი საბერძნეთის სხვადასხვა მხარეს მიაშურებს, ეზნეპიდისების ოჯახი კი, 15 სხვა ოჯახთან ერთად, 1927 წლის ივლისში კონიცაში სახლდება.
ბავშვობის წლები
ეზნეპიდისების ოჯახი, მრავალი გაჭირვებისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ცდილობს თავი გადაირჩინოს ახალ სამშობლოში და ღმერთისადმი მხურვალე რწმენას, როგორც ძვირფას განძს, ისე ინახავს. ევლოგია ზრდის პატარა არსენის და ეკლესიის ტრადიციებისადმი ძლიერ სიყვარულს უნერგავს. ზრდასთან ერთად, აშკარად შესამჩნევი ხდება მისი მიდრეკილება სულიერი ცხოვრებისკენ და ქრისტესადმი სიყვარული. ის გატაცებულია წმინდანთა ცხოვრების კითხვით და ცდილობს ეს სიყვარული თავის მეგობრებსაც გადასცეს.
ეჭვები და ქრისტეს გამოცხადება
არსენი ხშირად დადის გამოქვაბულებსა და წმინდა ბარბარეს პატარა ეკლესიაში, სადაც კითხულობს, გალობს და ლოცულობს. მამამისი პროდრომე და ძმა რაფაელი წუხან, მაგრამ მას დედის, ევლოგიას მხარდაჭერა აქვს. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, ის დურგლად იწყებს მუშაობას, რათა ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს. 15 წლის ასაკში, ბიძაშვილი მის გულში ეჭვს თესავს და ეუბნება, რომ ქრისტე ღმერთი კი არა, უბრალოდ კარგი ადამიანია. ის თავს აფარებს წმინდა ბარბარეს ეკლესიას, სადაც საათობით ლოცულობს და ქრისტეს ევედრება, რომ ნიშანი მისცეს. ბოლოს, მას თავად ქრისტე გამოეცხადება. ეს მას რწმენაში განამტკიცებს და ახლა უკვე დარწმუნებულია იმ გზაში, რომელსაც უნდა გაყვეს.
საბერძნეთი -იტალიის ომი, ოკუპაცია და სამოქალაქო ომი
საბერძნეთი -იტალიის ომის დაწყებისა და მას მოყოლებული გერმანული ოკუპაციის პირობებში, ეზნეპიდისების ოჯახი, ისევე როგორც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა, მძიმე პერიოდს გადის. მიუხედავად ამისა ეზნეპიდისების ოჯახი კონიცასა და რეგიონის სხვა სოფლებში მცხოვრებ მრავალ გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება. საბერძნეთის გათავისუფლების შემდეგ არსენი ჯარში გაიწვიეს, სადაც ის სამოქალაქო ომის დროს რადისტად მსახურობდა.
ჯარში მსახურება და ათონის მთა
ჯარში არსენის ყოფნა თანამებრძოლებს იმ თავგანწირვით დაამახსოვრდებათ, რაც მან არაერთხელ გამოიჩინა. როდესაც ჯარიდან გათავისუფლდა, მაშინვე ათონის მთაზე გაემგზავრა. მას სრუდა, ენახა ადგილი სადაც მოღვაწეობას შეძლებდა, თუმცა მამის თხოვნით ის კონიცაში ბრუნდება და დას ეხმარება.
სამონაზვნო ცხოვრების დასაწყისი
არსენი 3 წლის განმავლობაში მძიმედ შრომობს და თავის დას ეხმარება. ყოველგვარი ვალდებულებისგან გათავისუფლებული, ის საბოლოოდ მიდის ათონის მთაზე და ესფიგმენის მონასტერში მორჩილად იწყებს მოღვაწეობას. შემდეგ ის ფილოთეოსის მონასტერში გადადის, სადაც ბერად აღიკვეცება, მცირე სქემას შეიმოსავს და სახელად პაისი ეწოდება.
მამა პაისი, რომელიც ახლა ათონის მთაზე, ფილოთეის მონასტერში მოღვაწეობს, მონაზვნისთვის ჩვეულ მძიმე ღვაწლშია.
დედამისსაც თავისი გასაჭირი აქვს; ის ცდილობს საკუთარ თავში შეათავსოს უფლისადმი რწმენა და შვილისადმი დიდი სიყვარული.
მამა პაისის მხურვალე სურვილი, წავიდეს ათონის მთის ყველაზე უკაცრიელ ადგილას, კატუნაკებში და გახდეს ასკეტი, სულ უფრო და უფრო იზრდება. თუმცა, მას ხილვაში ღვთისმშობელი ეცხადება, რომელიც აუწყებს, რომ კონიცაში წავიდეს და გერმანელების მიერ გადამწვარი სტომიოს მონასტერი აღადგინოს.
1958 წლის ივლისში ის კონიცაში ბრუნდება და საკუთარი სახლის მონახულების გარეშე პირდაპირ მონასტერში მკვიდრდება.
როდესაც ევლოგია იგებს, რომ მისი შვილი დაბრუნდა, ვერ ხვდება, რატომ არ მოინახულა ოჯახი. ეს მას გულს ძალიან ტკენს. ის და მამა პაისის ძმები რწმუნდებიან, რომ მან უკვე სრულად მიუძღვნა თავი ქრისტეს.
მონასტრის აღდგენის დაწყებისთანავე მამა პაისი ყოველდღიურად მრავალ წინააღმდეგობას აწყდება. დაპირისპირების მიზეზი ტაძრის დღესასწაულიც ხდება: სოფლის მცხოვრებთა ნაწილი ითხოვს, რომ დღეობა, ძველი ტრადიციისამებრ, ეკლესიის ეზოში გაიმართოს, მამა პაისი კი მათთვის დაბრკოლებად იქცევა.
კონიცას მცხოვრებთა დახმარებით, მამა პაისი მონასტრის აღდგენას იწყებს. ის გადაწყვეტს წავიდეს კორფუზე და წმინდა არსენის ნაწილები მოიძიოს, მანამდე კი თავის სახლს ინახულებს და სთხოვს მშობლებსა და და-ძმებს, უთხრან, წმინდანის საფლავზე რაიმე ნიშანი ხომ არ დატოვეს.
დედამისი იხსენებს, რომ როდესაც ისინი კორფუზე ლტოლვილებად ჩავიდნენ, წმინდა არსენიმ მას, როგორც ჩვილს, უთხრა: „ჩემო შვილო, აქ დამტოვებ და აქვე ჩამოხვალ ჩემს წასაყვანად“. ის, რაც წმინდა არსენიმ თქვა, სრულდება და მისი მადლი მამა პაისის საფლავთან მიიყვანს.
მართლაც, ის ჩადის კორფუზე, პოულობს წმინდანის საფლავს და ნაწილებს ამოაბრძანებს. ის კონიცაში ბრუნდება და მთელი მისი ოჯახი პატივს მიაგებს წმინდანის ნაწილებს. 34 წლის შემდეგ ისინი კვლავ იღებენ თავიანთი სულიერი მოძღვრის კურთხევას. ძალიან ემოციური სცენის შემდეგ, მამა პაისი ღმერთს ევედრება, რომ გულიდან ამოუძირკვოს დედისადმი სიყვარული და ქრისტემ ჩაიკრას იგი გულში როგორც ამ, ისე იმქვეყნიურ ცხოვრებაში.
მამა პაისი მდინარის პირას გამოქვაბულიდან ობოლ ბავშვს გადაარჩენს. მას ბავშვი მონასტერში მიჰყავს და საკუთარი შვილივით უყვარს. ბავშვი ცხოვრებაში პირველად გრძნობს, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს. მამა პაისის მიერ ღარიბებისთვის გაწეული ქველმოქმედება კონიცაში ბევრ ადამიანს ეხმარება, თუმცა ეპარქიაში შედის საჩივარი, რომ მამა პაისი კომუნისტებს ეხმარება, რის შედეგადაც სამიტროპოლიტოს პროტოპრესვიტერი მკაცრ შენიშვნას აძლევს მამა პაისის.
მამა პაისი ქრისტეს ევედრება, ჭეშმარიტი სიმდაბლე მიმადლოს. ლიტურგიის დროს, როდესაც ის საკურთხეველშია და საზიარებლად ემზადება, მღვდელი გარეთ აგდებს და ეუბნება, რომ ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღების ღირსი არ არის. მამა პაისი ტოვებს საკურთხეველს, მაზიარებელთა რიგის ბოლოში დგება და ყველაზე ბოლოს ეზიარება. მისი უდიდესი სიმდაბლით შეძრული მღვდელი მონასტერში მიდის მის მოსაძებნად და შენდობას სთხოვს.
მიტროპოლიტი მამა პაისის საეპარქიო სამმართველოში იბარებს, რათა მის წინააღმდეგ შესულ საჩივრებში გაერკვეს. მამა პაისი მღვდელმთავარს უხსნის, რომ ადამიანებს ერთმანეთისგან არ არჩევს და ყველაში უფლის სახეს ხედავს.
მამა პაისი მძიმედ ავადდება და გიორგისთან ერთად კონიცაში მგზავრობისას ტყეში გონებას კარგავს. მისი მდგომარეობა სერიოზულია, ამიტომ გამოჯანმრთელებამდე მას თავშესაფარს აძლევს ერთი ქალბატონი, რომელიც ღარიბებს ეხმარება. დედასა და დას უჭირთ გაგება, რატომ არჩია უცხო ადამიანთან დარჩენა და სთხოვენ, შინ დაბრუნდეს. ის კი უხსნის, რომ ბერი არ შეიძლება გაჩერდეს იმ სახლში, რომელშიც სოფელზე (ამქვეყნიურ ცხოვრებაზე) უარი თქვა.
გამოჯანმრთელებას სამი თვე სჭირდება. სტომიოს მონასტერში დაბრუნებულს სინას მთიდან, წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან დიაკონი დამიანე სტუმრობს და სთხოვს, მათთან წავიდეს და დარჩეს. მოგვიანებით მას უდაბნოში ვხედავთ, სადაც ღმერთს ადიდებს. ეს ლოცვა მის გარშემო ჩიტების გუნდს კრებს, რომლებიც გარს ეხვევიან და მისხელებსა და მხრებზე სხდებიან.
მამა პაისი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში ჩადის. მონასტრის მამები მას უდაბნოში პატარა სენაკს გამოუყოფენ, სადაც ის უმძიმეს პირობებში იწყებს მოღვაწეობას.
საცდურების შემოტევა ყოველდღიურია. არასტაბილური ჯანმრთელობის მიუხედავად, მამა პაისი მთელი არსებით ეძლევია ასკეტურ ღვაწლს.
დედამისი შეეგუა შვილის გადაწყვეტილებას, ყოფილიყო ბერი უდაბნოში და ღვთისმშობელს ევედრება, მის მფარველობას. ლოცვისას ის მშვიდად ტოვებს ამ სოფელს.
შერყეული ჯანმრთელობა მამა პაისის აიძულებს, დატოვოს სინა და ათონის მთაზე დაბრუნდეს. იქ ის დიდ რუს ასკეტს, მამა ტიხონს ხვდება. მამა პაისის გარშემო ახალგაზრდა ბერები იკრიბებიან და მცირე საძმოს ქმნიან, თუმცა მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო უარესდება. ის იძულებულია დატოვოს ათონი და სამკურნალოდ თესალონიკში წავიდეს. იქ ის მამა პოლიკარპეს ხვდება, რომელიც დახმარებას სთავაზობს და აცნობს თავის სულიერ შვილებს, რომლებსაც მონაზვნობა სურთ. ბერი დიდი სიყვარულითა და გამჭრიახობით იწყებს მათ დარიგებას და მათ შორის სულიერი კავშირი მყარდება. მამა პაისის ოპერაცია უტარდება, რა დროსაც ფილტვის ნაწილს ამოკვეთენ. საკუთარ ტკივილში ის სხვების ტკივილს არ ივიწყებს. საავადმყოფოში მრავალი ადამიანი პოულობს ნუგეშს მამა პაისის გვერდით
მამა პაისის სულიერი ხელმძღვანელობით სუროტიში იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი არსდება.
მამა ტიხონი, რომელიც სიკვდილის პირასაა, მამა პაისის უხმობს და ეუბნება, რომ ძალიან სურს თავისი სენაკი მას გადასცეს და სთხოვს, მისი გარდაცვალების შემდეგ იქ დარჩეს.
ის მამა ტიხონის გვერდით რჩება და ამ წმინდა ადამიანის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ წუთებს მასთან ერთად იზიარებს.
წმინდა ჯვრის სენაკში მამა პაისი პატარა ჩიტს, გულწითელას უმეგობრდება. თუმცა, მას საღვთო სტუმრებიც ეწვევიან – სენაკში წმინდა ეფემია ეცხადება. მამა პაისი სთხოვს მას მოუყვეს თავისი ცხოვრებისა და წამების შესახებ, წმინდანი კი მას პირად სულიერ საკითხებში რჩევა-დარიგებას აძლევს.
მამა პაისი გადაწყვეტს დაწეროს წიგნი წმინდა არსენის შესახებ და კონიცაში მიემგზავრება, რათა ის თანასოფლელები მოინახულოს, რომლებიც წმინდანთან ერთად ცხოვრობდნენ. იქ ის მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად ხვდება თავის დას, ქრისტინას.
მამა პაისი ეწერება საავადმყოფოდან და ათონის მთაზე ბრუნდება. მასთან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელიც უცნაურ ძალებს ფლობს და ბერს იწვევს.
ახალგაზრდა გიორგი სამი წლისა მოაშორეს ბაბუას და ტიბეტურ მონასტერში წაიყვანეს. მას ასწავლეს საბრძოლო ხელოვნება და აღმოსავლურ მისტიკას აზიარეს. მას შეუძლია მხოლოდ შეხედვით გატეხოს ქვები და თავს ყოვლისშემძლედ მიიჩნევს. ბერი მას სიყვარულით იღებს და ნელ-ნელა აზიარებს ქრისტესმიერ სიმდაბლეს.
წმინდა ჯვრის სენაკიდან ბერი პანაგუდაში გადადის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება.
პანაგუდას სენაკში ის ყოველდღე ბევრ სტუმარს იღებს. დიდი მოთმინებითა და სიყვარულით ხვდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც უამრავი პრობლემა აქვს. თუმცა მისი ჯანმრთელობა ძალიან სუსტდება. მას სისხლდენა ეწყება, რომლის შეჩერებაც ვერ ხერხდება. გამოკვლევებმა ნაწლავის კიბო აჩვენა, რომელსაც ოპერაცია და ქიმიოთერაპია დასჭირდა.
ამ დროს ის სუროტიში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში ცხოვრობს. იღუმენია და მონაზვნები მას ავადმყოფობის დროს ეხმარებიან. მამა პაისი დაავადებას გამბედაობით და მტკიცე რწმენით უმკლავდება. ის მისაბაძი მაგალითი ხდება ყველასთვის, ვინც მასთან ახლოსაა.
გზა, რომლითაც ის ავადმყოფობას უმკლავდება და მისი წმინდა მიცვალება, მისი ღვაწლისა სულიიერი ცხოვრების კულმინაციაა.






